პარლამენტმა პროცედურული ხარვეზის გამო, „ალტ-ინფოს“ წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროცედურული ხარვეზის გამო „ალტ-ინფოს“ პარტიის („კონსერვატიული მოძრაობის“) წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა.

25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებას ითხოვდნენ: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია.

მოძრაობის წევრები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითხოვდნენ. კერძოდ, მათი სურვილია აიკრძალოს ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაც, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, კანონით აიკრძალოს ისეთი საჯარო ღონისძიებებისა და დემონსტრაციების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს „მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“.

ამასთან, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვასაც, რომლის დროსაც შესაძლოა, მოხდეს „ომის და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ცნობიღ, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი მასალები რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თითოეულ კანონპროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.